open tab: inner monologue.exe
I CROCHETED THIS TO FILL THE VOID
ვაუ, მარიამ, შენი ბრენდი გააკეთე??? მარიამ, მაგარი გოგო ხარ, ყველაფერს როგორ მიედები ხოლმე, მარიამ, რა ჭკვიანი და რა მშრომელი ხარ,მარიამ.
სულ ეს მესმოდა, როგორც კი ვინმე გაიგებდა, რომ ბრენდს ვაკეთებდი.
მე ვიღიმოდი ხოლმე და თავსაც ვუქნევდი საპასუხოდ, ვცდილობდი თვალებში არ შემეხედა – არა იმიტომ, რომ კომპლიმენტს ვერ ვიფერებ, ან თავმდაბალი / ქედმაღალი ვარ, არამედ იმიტომ რომ არ მინდოდა ჩემს თვალებს სიმართლე გაეთქვათ.
არ მინდოდა, ვინმეს გაეგო რომ ეს ზედსართავები, ჭკვიანი, მშრომელი, მაგარი, სინამდვილეში არის თითო აგური ჩემს უზარმაზარ კედელში და ამ კედლის უკან ვარ მე, სულ მე, და ჩემი საშინლად მოსაბეზრებელი სიცარიელე.
სიცარიელე არავის უყვარს.
ყველა ყოველთვის ვცდილობთ, ამოვავსოთ, გავექცეთ ამ სიცარიელეს და რომ არ გამოგვდის,
– სირცხვილით, თუ უხერხულობით, თუ შიშით,
– ვიღებთ ყველა კარგ ზედსართავს ლექსიკონიდან და აგურ-აგურ ვაშენებთ კედელს,ლამაზს და გაწრკიალებულს, როგორც ფარდას, ფარს, ღობეს
– ოღონდაც ვინმემ არ შემოიხედოს, ოღონდაც, ვინმემ არ გაიგოს, რომ შენი სახლი ცარიელია.
ძალიან მინდა აქ დავწერო სამოტივაციო წარმატების ისტორია, როგორ დავიწყე არაფრით და ავაგე ბრენდი, როგორ ვათენე ღამეები ყველაფრის გაკეთებაში, როგორი თვითდისციპლინით შევძელი სრულგნააკვეთიანი სამსახურის და ბიზნესის აწყობის შეთავსება, როგორ გამიტკბილდა კენწეროში, ბლაბლაბლა.
მაგრა ვერ დავწერ.
სინამდვილეში, ჩემი ამბავი რამე თუ არ არის, არ არის ამბავი წარმატებაზე, გაძლიარებასა და არასოდეს-დანებდეთობაზე. და, კიდევ კარგი, რომ არ არის.
დავიღალე, აღარ მინდა სელფ-ჰელპ წიგნში ვიცხოვრო და შესაკეთებელი პროექტი ვიყო – მუდმივად რომ უნდა განვითარდეს, შეცდომებისგან რომ უნდა ისწავლოს, რაც არ მოკლავს იმან რომ უნდა გააძლიეროს, და ყველა ცუდი ემოცია კარგად რომ უნდა გადააქციოს.
არ მაქვს ეს პოზიტივის ქარხანა.
არ ვფლობ უახლეს დანადგარებს და არ მივყვები იდეალურად ინჟინირებულ სტრუქტურას.
საერთოდ არ მაქვს თვითდისციპლინა. გეგმებით ვერ ვცხოვრობ, სწორხაზოვანება არ ვიცი რა არის. არც გენიოსი ან სუპერინტელექტუალური ვინმე ვარ. თუ სადმე ვეტევი, ყოველთვის ვეტევი საშუალოების შკალაზე.
მაგრამ ბრენდი მაინც შევქმენი და სულ არაფრიდან მართლა ავაგე სრულფასოვანი ბიზნესი. კი, უამრავი გათენებული ღამე მქონდა, და მართლა ძალიან ბევრი ვიშრომე. ძალიან ბევრი მსხვერპლიც გავიღე – ურთიერთობები დავთმე, უამრავი სამეგობროს შეკრება გამოვტოვე, უამრავი მიპატიჟება დავაუარე, შვებულებებზე ვთქვი უარი, მზიანი დღეები ეკრანთან ლპობაში გავატარე, ჯანმრთელობაც გავინადგურე და მერე უამრავი ფულის გადაყრა დამჭირდა, რომ ორგანიზმი ცოტა ფუნქციურ მდგომარეობაში დამებრუნებინა.
მაგრამ ეს არ გამიკეთებია წარმატების მიღწევის მიზნით და არა, საერთოდ არაფერი შუაშია არც მიზანდასახულობა, არც შრომისმოყვარეობა, არც თვითდისციპლინა. ძალიან მარტივი მიზეზის გამო – მიზანი არ მქონია, შრომა დიდად არ მიყვარს და დისციპლინა კიდევ საერთოდ არ ვიცი, რა ხილია.
მაგრამ, კი, ღამეები გავათენე ქსოვაში, კერვაში, დიზაინების შექმნაში, საიტის კოდის წერაში, ბრენდის კონცეფციის განვითარებაში, მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში, ვიზუალური იდენტობის აგებაში, მოსაწყენი ბიუროკრატიული პროცესების მოგვარებაში და, არა, ეს ყველაფერი არ გამიკეთებია წარმატების მიღწევისთვის, გამდიდრებისთვის და ლინკდინზე კიდევ ერთი "მაილსტოუნის” გაზიარებისთვის.
ეს ყველაფერი გავაკეთე იმიტომ, რომ ერთი წამითაც არ მეარსება იმ ცხოვრებაში, რომელიც ჩემ მიღმა გადიოდა. არ მინდოდა მეფიქრა. აღარ მინდოდა მეგრძნო. რაღაცები მიმეღო, რაღაცები გამეშვა. არა, არა და არა.
ჰო, არ არის მაინცდამაინც ჯანსაღი გამკლავების მექანიზმი. მაგრამ, რაღა მოგატყუოთ და, დიდად მართლა არ მაინტერესებს DSM-ში რა მეთოდი ითვლება ტოქსიკურად და რა ჯანსაღად – მხოლოდ ერთადერთი კრიტერიუმი არსებობს – თუ ერთ ღამეს გადამატანინებს, მოსულა.
იმიტომ რომ თუ იმ ღამეს არ გავატარებდი ქსოვაში, მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში, ან ეკრანზე მიშტერებაში, მაშინ გავატარებდი ჩემი ოთახის ჭერზე ბზარების თვლაში, ზედმეტ ფიქრში რომ რატომ არ გავაკეთე მაშინ ასე, რატომ დავმარხე ჩემი მეგობარი, რატომ მოიკლა თავი ჩემმა მეგობარმა, რატომ მივატოვე ჩემი მეგობარი, რატომ მიმატოვა ჩემმა მეგობარმა, რატომ ვერ შევიყვარე ჩემი მეგობარი, რატომ ვერ დავინახე ჩემი მეგობარი, რატომ ვერ დამინახა ჩემმა მეგობარმა;
და მერე კიდევ უნდა ვყოფილიყავი სხვა ფიქრებშიც, ჩემი ქვეყნის ჭირით დასნეუელებულ ფიქრებში, რომ რატომ დაიჭირეს ჩემი მეგობარი ფეისბუქ პოსტის გამო, რატომ არ აქვთ იმ ბავშვებს წამალი, რატომ გაიზარდა იპოთეკური სესხის პროცენტი 13.6%-მდე, რატომ აიწია ყველაფრის ფასმა, რატომ მასწავლიან კოსტუმიანი კაცები ტელევიზორიდან სიძულვილს, რატომ ვერსად ვნახეთ ხორცი 10 ლარად...
არ მთავრდებოდა.
ამიტომ ბოლო 10 თვე იყო ქსოვა, საკერავი მანქანის ხმაური ჩემს ყურებში, ფონად ჩართული სერიალი და ამ უამრავ საქმეში ერთი-ორი კრეატიულობის შემოტევა, რომელიც ბრენდის შექმნის პროცესში პროდუქტებად იქცა და რომლის შედეგადაც შევქმენი რამდენიმე პროდუქტი, რომელიც იმედი მაქვს მოგეწონებათ, მაგრამ ამ ერთი-ორი კრეატიულობის შემოტევისას ასევე გამოჟონა იმ ჭირიანმა ფიქრებმაც, მაინც, მაინც, გამოიპარა, და ახლა, როცა როგორც იქნა საიტი გავუშვი და გაყიდვები დავიწყე, ახლა ავდგები და ჩემი სიცარელით შექმნილი ნივთებით გავათავისუფლებ ჩემს სახლს, როგორც იქნა ცოტას ამოისუნთქებს ჩემი სახლი – ვეღარ იტევდა ამდენ ნივთს ჩემი ცარიელი ოთახი, ვეღარ მიტევდა მანიაკ მე-საც, მუდმივად რაღაცის შექმნით შეპყრობილს.
ამიტომ გრენის ჩაშვება ნიშნავს დაცლას, ყველაფრისგან.
ჰოდა, ალბათ მიხვდით,
იმედი მაქვს, მიხვდით, რომ
მეც და ჩემი ცარიელი ოთახიც,
გადავიღალეთ.


0 comments