author: Mariam Todua (TODU THE TOAD)
← Back to blog
✧ GRANNY'S DIARIES ✧

ოდა სიცარიელეს (ჩემი ჭაობის მონოლოგი)

7 min read

GRANNY TODU-ს ამბავი რამე თუ არ არის, არ არის ამბავი წარმატებაზე, გაძლიერებასა და არასოდეს-დანებდეთ-ობაზე. და, კიდევ კარგი, რომ არ არის.

warning: vulnerability!!!
ოდა სიცარიელეს (ჩემი ჭაობის მონოლოგი)
open tab: inner monologue.exe

I CROCHETED THIS TO FILL THE VOID

ვაუ, მარიამ, შენი ბრენდი გააკეთე??? მარიამ, მაგარი გოგო ხარ, ყველაფერს როგორ მიედები ხოლმე, მარიამ,  რა ჭკვიანი და რა მშრომელი ხარ,მარიამ. 

სულ ეს მესმოდა, როგორც კი ვინმე გაიგებდა, რომ ბრენდს ვაკეთებდი.

მე ვიღიმოდი ხოლმე და თავსაც ვუქნევდი საპასუხოდ, ვცდილობდი თვალებში არ შემეხედა   არა იმიტომ, რომ კომპლიმენტს ვერ ვიფერებ, ან თავმდაბალი / ქედმაღალი ვარ,  არამედ იმიტომ რომ არ მინდოდა ჩემს თვალებს სიმართლე გაეთქვათ.

არ მინდოდა, ვინმეს გაეგო რომ ეს ზედსართავები, ჭკვიანი, მშრომელი, მაგარი, სინამდვილეში არის თითო აგური ჩემს უზარმაზარ კედელში და ამ კედლის უკან ვარ მე,  სულ მე, და ჩემი საშინლად მოსაბეზრებელი სიცარიელე.

სიცარიელე არავის უყვარს.
ყველა ყოველთვის ვცდილობთ, ამოვავსოთ, გავექცეთ ამ სიცარიელეს და რომ არ გამოგვდის, სირცხვილით, თუ უხერხულობით, თუ შიშით, –  ვიღებთ ყველა კარგ ზედსართავს ლექსიკონიდან და აგურ-აგურ ვაშენებთ კედელს,ლამაზს და გაწრკიალებულს, როგორც ფარდას, ფარს, ღობეს ოღონდაც ვინმემ არ შემოიხედოს, ოღონდაც, ვინმემ არ გაიგოს, რომ შენი სახლი ცარიელია. 


ძალიან მინდა აქ დავწერო სამოტივაციო წარმატების ისტორია, როგორ დავიწყე არაფრით და ავაგე ბრენდი, როგორ ვათენე ღამეები ყველაფრის გაკეთებაში, როგორი თვითდისციპლინით შევძელი სრულგნააკვეთიანი სამსახურის და ბიზნესის აწყობის შეთავსება, როგორ გამიტკბილდა კენწეროში, ბლაბლაბლა. 

მაგრა ვერ დავწერ. 

სინამდვილეში, ჩემი ამბავი რამე თუ არ არის, არ არის ამბავი წარმატებაზე, გაძლიარებასა და არასოდეს-დანებდეთობაზე. და, კიდევ კარგი, რომ არ არის. 


დავიღალე, აღარ მინდა სელფ-ჰელპ წიგნში ვიცხოვრო და შესაკეთებელი პროექტი ვიყო –  მუდმივად რომ უნდა განვითარდეს, შეცდომებისგან რომ უნდა ისწავლოს, რაც არ მოკლავს იმან რომ უნდა გააძლიეროს, და ყველა ცუდი ემოცია კარგად რომ უნდა გადააქციოს. 

არ მაქვს ეს პოზიტივის ქარხანა.
არ ვფლობ უახლეს დანადგარებს და არ მივყვები იდეალურად ინჟინირებულ სტრუქტურას.

საერთოდ არ მაქვს თვითდისციპლინა. გეგმებით ვერ ვცხოვრობ, სწორხაზოვანება არ ვიცი რა არის. არც გენიოსი ან სუპერინტელექტუალური ვინმე ვარ. თუ სადმე ვეტევი, ყოველთვის ვეტევი საშუალოების შკალაზე. 

მაგრამ ბრენდი მაინც შევქმენი და სულ არაფრიდან მართლა ავაგე სრულფასოვანი ბიზნესი. კი, უამრავი გათენებული ღამე მქონდა, და მართლა ძალიან ბევრი ვიშრომე. ძალიან ბევრი მსხვერპლიც გავიღე ურთიერთობები დავთმე, უამრავი სამეგობროს შეკრება გამოვტოვე, უამრავი მიპატიჟება დავაუარე, შვებულებებზე ვთქვი უარი, მზიანი დღეები ეკრანთან ლპობაში გავატარე, ჯანმრთელობაც გავინადგურე და მერე უამრავი ფულის გადაყრა დამჭირდა, რომ ორგანიზმი ცოტა ფუნქციურ მდგომარეობაში დამებრუნებინა.

მაგრამ ეს არ გამიკეთებია წარმატების მიღწევის მიზნით და არა,  საერთოდ არაფერი შუაშია არც მიზანდასახულობა, არც შრომისმოყვარეობა, არც თვითდისციპლინა. ძალიან მარტივი მიზეზის გამო – მიზანი არ მქონია, შრომა დიდად არ მიყვარს და დისციპლინა კიდევ საერთოდ არ ვიცი, რა ხილია. 

მაგრამ, კი, ღამეები გავათენე ქსოვაში, კერვაში, დიზაინების შექმნაში, საიტის კოდის წერაში, ბრენდის კონცეფციის განვითარებაში, მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში, ვიზუალური იდენტობის აგებაში, მოსაწყენი ბიუროკრატიული პროცესების მოგვარებაში და, არა, ეს ყველაფერი არ გამიკეთებია წარმატების მიღწევისთვის, გამდიდრებისთვის და ლინკდინზე კიდევ ერთი "მაილსტოუნის” გაზიარებისთვის. 

ეს ყველაფერი გავაკეთე იმიტომ, რომ ერთი წამითაც არ მეარსება იმ ცხოვრებაში, რომელიც ჩემ მიღმა გადიოდა. არ მინდოდა მეფიქრა. აღარ მინდოდა მეგრძნო. რაღაცები მიმეღო, რაღაცები გამეშვა. არა, არა და არა. 

ჰო, არ არის მაინცდამაინც ჯანსაღი გამკლავების მექანიზმი. მაგრამ, რაღა მოგატყუოთ და,  დიდად მართლა არ მაინტერესებს DSM-ში რა მეთოდი ითვლება ტოქსიკურად და რა ჯანსაღად მხოლოდ ერთადერთი კრიტერიუმი არსებობს  თუ ერთ ღამეს გადამატანინებს, მოსულა.

იმიტომ რომ თუ იმ ღამეს არ გავატარებდი ქსოვაში, მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში, ან ეკრანზე მიშტერებაში, მაშინ გავატარებდი ჩემი ოთახის ჭერზე ბზარების თვლაში, ზედმეტ ფიქრში რომ რატომ არ გავაკეთე მაშინ ასე, რატომ დავმარხე ჩემი მეგობარი, რატომ მოიკლა თავი ჩემმა მეგობარმა, რატომ მივატოვე ჩემი მეგობარი, რატომ მიმატოვა ჩემმა მეგობარმა, რატომ ვერ შევიყვარე ჩემი მეგობარი, რატომ ვერ დავინახე ჩემი მეგობარი, რატომ ვერ დამინახა ჩემმა მეგობარმა; 

და მერე კიდევ უნდა ვყოფილიყავი სხვა ფიქრებშიც, ჩემი ქვეყნის ჭირით დასნეუელებულ ფიქრებში, რომ რატომ დაიჭირეს ჩემი მეგობარი ფეისბუქ პოსტის გამო, რატომ არ აქვთ იმ ბავშვებს წამალი, რატომ გაიზარდა იპოთეკური სესხის პროცენტი 13.6%-მდე, რატომ აიწია ყველაფრის ფასმა, რატომ მასწავლიან კოსტუმიანი კაცები ტელევიზორიდან სიძულვილს, რატომ ვერსად ვნახეთ ხორცი 10 ლარად...

 არ მთავრდებოდა. 

ამიტომ ბოლო 10 თვე იყო ქსოვა, საკერავი მანქანის ხმაური ჩემს ყურებში, ფონად ჩართული სერიალი და ამ უამრავ საქმეში ერთი-ორი კრეატიულობის შემოტევა, რომელიც ბრენდის შექმნის პროცესში პროდუქტებად იქცა და რომლის შედეგადაც შევქმენი რამდენიმე პროდუქტი, რომელიც იმედი მაქვს მოგეწონებათ, მაგრამ ამ ერთი-ორი კრეატიულობის შემოტევისას ასევე გამოჟონა იმ ჭირიანმა ფიქრებმაც, მაინც, მაინც, გამოიპარა, და ახლა, როცა როგორც იქნა საიტი გავუშვი და გაყიდვები დავიწყე, ახლა ავდგები და ჩემი სიცარელით შექმნილი ნივთებით გავათავისუფლებ ჩემს სახლს, როგორც იქნა ცოტას ამოისუნთქებს ჩემი სახლი –  ვეღარ იტევდა ამდენ ნივთს ჩემი ცარიელი ოთახი, ვეღარ მიტევდა მანიაკ მე-საც, მუდმივად რაღაცის შექმნით შეპყრობილს. 

ამიტომ გრენის ჩაშვება ნიშნავს დაცლას, ყველაფრისგან. 

ჰოდა, ალბათ მიხვდით, 
იმედი მაქვს, მიხვდით, რომ
მეც და ჩემი ცარიელი ოთახიც, 
გადავიღალეთ. 

MY VOID GLITTERS AT NIGHT

ბრენდის მთავარი კონცეფცია დგას void-ზე. ანუ სიცარიელეზე. ნუ. ყოველ შემთხვევაში ლექსიკონში ასეა განმარტებული. მაგრამ void სიცარიელეზე მეტია და ზუსტად ვერ გამოხატავს მის მნიშვნელობას. 

ჩვენს ულამაზეს ენაში, ქართულში, ბევრი სიტყვაა, რომლითაც შეგვიძლია ვოიდი გამოვხატოთ: გამოფიტვა,  გადაწვა, გამოფუღუროება, გახრწნა, გამოშიგვნა, გამოღრღნა, გაუფერულება, გამოცლა და ყველა სხვა სიტყვა, რაც შენში იბადება, როცა გაქვს შეგრძნება, რომ ყველას მოწყვეტილი და ყველასგან იზოლირებული, გამოკიდებული ხარ სადღაც სივრცეში, უჰაერობაში, ვაკუუმში, და ამ ვაკუუმში ტივტივებ, უმოძრაოდ, უმოქმედოდ, ძალაგამაცოცლილი. 

ადამიანები ძალიან ბევრ ენერგიას და რესურს ვხარჯავთ თავის მოკატუნებაში, რომ ეს ვაკუუმი, – ვოიდი, – არ არსებობს. რომ კარგად ვართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. 

მით უმეტეს, სოციალური მედიის ეპოქაში, როცა ყველა გამოოო…ქაქანებულს შეუძლია მიკროფონი აიღოს, კამერის წინ დადგეს და მეცნიერებით შეფუთული სიბრძნით დაგვმოძღვროს, ან ჩაგვააიფონოს და გვაჩენოს როგორი იდეალური ცხოვრება აქვს, როგორ უყვარს მის პარტნიორს, როგორი მზრუვნელი მშობელია, და ა.შ… პოზიტიურობა გახდა ნორმალიზებული. 

თან ძაან “ვოუქებიც” გავხდით. თითქოს სტიგმა მოვხსენით მენტალურ ჯანმრთელობას, არა? არა.

ყველას უყვარს მენტალური ჯანმრთელობა როცა ვლაპარაკობთ უკეთ გახდომაზე, მადლიერებაზე, პატიებაზე, პოზიტივზე, დისციპლინაზე, გამარჯვებაზე, სულიერ სიმშვიდეზე, უკეთეს ადამიანად გახდომაზე. 

მაგრამ არავის უყვარს მენტალური ჯანმრთელობა როცა ვლაპარაკობთ ბრაზზე, რისხვაზე, შურზე, ეჭვიანობაზე, დანაშაულზე, ტკივილის მიყენებაზე. 

როცა მენტალური ჯანმრთელობა არ არის მედიტაცია, ვარჯიში და სწორი კვება, კოსმოსში პოზიტიური ენერგის გაშვება, საკუთარი თავის მოვლა და ამის ნაცვლად არის ის მდგომარეობა, ვოიდი, ანუ სრული გაუფერულება, –  როცა არც ვარჯიშის, არც სწორი კვების, არც სალონებში სიარულის, არც გამოპრანჭვის, არც ლაპარაკის ხალისი გაქვს, როცა სახეზე გაყრის სტრესისგან, წონაში იმატებ სტრესისგან და არცისე მოვლილი, არც ისე ლამაზი, არც ისე მოწესრიგებული ხდები, მაშინ ეგ მენტალური ჯანრმთელობა არ გვინდა. არ არის კაი ჰუკი რომ ტიკტოკზე სქროლვსიას პ წამში იუზერის ყურადღება მიიქციო ან არ არის კაი მასალაა, პოსტი რომ დადო და ბევრი ლაიქი დააგროვოს. 

მე მაგალითად, აღარ შემიძლია “კარგი” ადამიანობა. საერთოდ რა არის კარგი ადამიანი? 

არ შემიძლია თავი მოვიკატუნო, რომ ვიღაცების არ მშურს, ვიღაცებზე არ ვბრაზობ, რომ ჭორაობა არ მიყვარს,  და რომ მტკივნეული გაკვეთილების მადლიერი ვარ, რადგან გამაძლიერა.

არა, აღარ მინდა გაძლიერება. აღარ მინდა ამდენი გაკვეთილი. და მაქვს ამის უფლება, რომ აღარ მინდოდეს, არ მომწონდეს. 

კიდევ არ შემიძლია სადმე უსამრთლობა არ ვნახო და არ გავბრაზდე, არც ვიტირო, არ ვაბაკუნო ფეხები. არადა ჩემი ბრაზი ხომ ვერაფერს შეცვლის და ტყულიად რატომ ვისტრესები? არ ჯობია ეს ნეგატივი გაატარო და სიმშვიდე მოიპოვო, გოგო? არ ჯობია. 

არ ჯობია იმიტომ, რომ თუ მარტო იმ ემოციებს მივცემ არსებობის უფლებსაც, რომლებიც სხვებში დადებით უკუკავშირს გამოიწვევს, მაშინ ვერ დავწერ ამ ბლოგს, ვერ დავხატავ, ვერ ვიმღერებ, ვერ მოვქსოვ, ვერ შევქმნი.  

აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ: 


ლიტერატურათმცოდნეობა ვისწავლე ოთხი წელი.

ყველა ტექსტი, რომელიც გვიყვარს, ყველა მუსიკა, რომელსაც აკვიატებულად ვუსმენთ, ყველა ფილმი, რომელსაც ათიათასჯერ ვუბრუნდებით, ყველაფერი რაც სხვებმა შექმნეს და რაღაცა ფორმით გადმოგვაბარეს, ღირებული ყოფილა და სიყვარული დაუმსახურებია მხოლოდ მაშინ, როცა მისმა ავტორმა გაბედა და იტივტივა იმ ვოიდში. და, არა რომ შექმნა, დაწერა, გაგვიზიარა, ეგ არ ნიშნავს, რომ განიკურნა და გათავისუფლდა. ზოგი უკეთ გახდა, კი, ზოგმა ვერ დატოვა ვოიდი, ვერ გახდა უკეთ.

ამიტომ შეგვიყვარდა ის წიგნიც, ის პერსონაჟიც, ის სიმღერაც. ნამდვილი იყო, ცოტა უსიამოვნოდ ნამდვილი, და შეულამაზებელი. 

ამდენი იმიტომ ვილაქალაქე, რომ თქვენთვის მეთქვა – ეს ბრენდი ვერ შეიქმნებოდა, ეს კოლექცია ვერ მოიქსოვებოდა, ეს იდეები ვერ გაჩნდებოდა, მე რომ ის უსასრულოდ გრძელი ზამთარი, ათთვიანი ზამთარი, არცისე ჯანსაღ მექანიზმებში და არც ისე კარგად ყოფნაში გამეტარებინა. 

და, ვიცი, აღიარეთ, რომ ინსიტუქტურად  აქ მაინც გინდათ, რომ ცოტა feel good აბზაცით დავასრულო და დავწერო, როგორი თვითთერაპიული იყო ამ ყველაფრის შექმნა და როგორ მაქცია ამან უკეთეს ადამიანად, და ზემოთ რომ ვახსენე გათავისუფლება,  მაგრად მოგეწონათ რადგან უჰ, რა ძლიერი ბავშვია, რა მაგარი გოგოა, როგორი სამაგალითო. 

ისევ ლამაზი ზედსართავები, ისევ აგურ-აგურ, ჩემი სახლის დასაცავად. მარტო მე კი არ ვაგებ, ყველა მეხმარება, ავაგო. გულის სიღრმეში, დიდად არავის სიამოვნებს ვოიდში გადახედვა და ყველა ერიდება, ყველას ურჩევნია დაიჯეროს, რომ სახლი არის ის, რაც მარტივია, ლამაზია, სივრცეში არ იშლება, და არ გაცარიელებს. არ ჯობია, სახლი იყოს კედელი და არაფერი მის მიღმა? 

ჰოდა, მოკლედ, feel good აბზაცი ვერ იქნება. 

გული უნდა დაგწყვიტოთ – ჩემს კალენდარში ისევ ის ზამთარია. 

ის ამბები და ის ფიქრები ისევ ძალიან მამძიმებენ. 

ზოგი დღე უფრო მარტივია, ზოგი – უფრო რთული. 

მაგრამ ჩემია, რა. ჩემი ამბავია, ჩემი ვოიდია და ჩემი სიცარიელეა, რომელიც ღამე, სრულ სიბნელეში, როცა არც მე და არც შენ არ ვიყურებით, ბზინავს. 

აააა, და ჰო… ჩემი ბრენდია. ჩაიბარეთ :)

თუმცა რადგან მომხარებელი სულ მართალია თუ რაღაც ეგრე, კი ბატონო, ვიქნები დისციპლინური, ჭკვიანი, ყოჩაღი, მშრომელი, ძლიერი, სამაგალითო გოგო. გეგონოთ ეგრე, უკეთესი მარკეტინგია. 

მაგრამ ეგ იცოდეთ, რომ სანაცვლოდ მე და ჩემი გომბეშო, Todu the Toad, დავსხდებით და გემრიელად დაგცინებთ. აბა, სიცილს რა ჯობია, არა? პოზიტიურია. 

ბედნიერი შოპინგი, ჩემო რიგითო ამფიბიელო. 

open tab: the discourse.exe

0 comments

Leave a comment

Please note, comments need to be approved before they are published.