ვინ არის GRANNY TODU?

GRANNY TODU არის ერთი გადაღლილი და დაჯღანული გომბეშო. 

გადაღლილთან და დაჯღანულთან ერთად ასევე არის ძალიან ქულ გომბეშოც, რომელიც ადამიანების სამყაროში დიდი ვერაფერია, მაგრამ ამფიბიების სამეფოში ნამდვილი მაფიის ბოსია. 

ის ასევე ბრენდის შემქმნელის, ანუ ჩემი, ალტერ ეგოა.

აი, როგორც ნირვანას მიღწევას და გასხივოსნებას ცდილობენ ხოლმე, ისე ვცდილობ მეც, რომ ბოლომდე ეს გომბეშო გავხდე, მაგრამ ჯერჯერობით ბევრი მიკლია. 

ჩემი ამფიბია, მაგალითად, ამ დიდ აბსურდს იღებს და ამ დიდი აბსურდით ერთობა. 

და, სხვათა შორის, მარტივად შეუძლია წარმოიდგინოს, რომ სიზიფე ბედნიერია.

რავი, თქვენ შეგიძლიათ? მე – არა.

მაგრამ GRANNY TODU-ს შეუძლია.


რატომ „GRANNY“?

სტერეოტიპულად ქსოვა მოხუცების ჰობში გადის და ჩემი მეგობრების ყბაში თქვენი მტერი ჩავარდეს – მაგათაც  მეტი რა უნდოდათ,  იმაზე ნაწყენები, რომ კიდევ ერთხელ ვერ წავედი პარასკევი საღამოს შეხვედრაზე, დამცინოდნენ,  შენ ბებო ხარ და პენსიაზე გახვედიო. 

მართლა ეგრე იყო (და.. არის). 

თვეების განმავლობაში ჩემს ოთახში, ჩემს კატასთან და საყვარელ სერიალებთან ერთად, ვმუშაობდი: ვქსოვდი, ვკერავდი  და შესვენებებზე ინსტაგრამის სთორებიდან ვუყურებდი, როგორ ცხოვრობდნენ სხვები. კლასიკა. 

ზოგადად დღეს, ასეთი სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკურ კონტექსტში, შესაძლებლობა და უნარიანობა, რომ 20+ ასაკის ადამიანმა სტერეოტიპულად “ახალგაზრდულად” იცხოვროს ხშირად არის ფუფუნება. 

ჰოდა, რავიცი, მივიღე ეგ ყველაფერი და ასე უბრალოდ, ასე ჩუმად, პენსიაზე გავედი. 

მე რა მენაღვლება, მე ვისვენებ და ეს გომბეშო მუშაობს. აბა, ამ ქვეყანაში პენსიით წამალსაც ვერ ვიყიდი და ვინმე ოჯახში ფული ხომ უნდა შემოიტანოს?!!


და რატომ ამფიბია?

ირონიულად,  იყო ის ერთი უიშვიათესი პარასკევი საღამო, როცა სამსახურიდან სახლში წასვლის ნაცვლად ჩემი რამდენიმე მეგობარი ვნახე და ცოტაზე ცოტა მეტი მოვწრუპეთ. 

ამ მოწრუპულზე ჩემს მეგობრებს ვაცნობე, რომ ნაქსოვი ნივთების გაყიდვა და  ბრენდის გაკეთება გადავწყვიტე. ერთ-ერთმა მათგანმა კი შემომთავაზა, რომ ჩემი გვარი — თოდუა  (TODUA) — სიტყვების თამაშით ინგლისურად ძალიან მარტივად გადაიქცეოდა TOAD-ად.

და, გაგიკვირდებათ, მაგრამ რამდენიმე ჭიქის შემდეგ, მოწრუპულებს, ეს იდეა გენიალურად მოგვეჩვენა (მადლობა, მათე!). 

მაგრამ ამფიბია ბრენდის სახედ მხოლოდ ამ გენიალური სიტყვების თამაშის გამო არ დამიტოვებია.

 

სულ, ყოველთვის და ყველგან, სადაც არ უნდა მოვხვედრილიყავი, თავი მეგონა ხოლმე გომბეშო, რომელიც უცხო ხელმა გადაპრანჭულ ბურჟუაზიულ საზოგადოებაში ჩააგდო.

თან ეგეთი შეგრძნება მქონდა, რომ ეს უცხო ხელი მაგრად ერთობოდა მე-გომბეშოს ტრაგი-კომიკური მცდელობებით, თვითონაც “ბუჟი” გამხდარიყო. 

ტრაგი-კომიკური მიმიკრია, რა – შენიღბვის მცდელობა კომპლექსურ ეკოსისტემაში გადარჩე. 

ცოტა უფრო ჩუმი იყო, ცოტა უფრო შეუმჩნეველი, ცოტა უფრო მათნაირი - მასას შეზელილი, just another brick in the wall. 

მერე ერთ დღესაც გავიღვიძე და მივხვდი, რომ დავიღალე ამდენი თვითგაბუჟების მცდელობით.

ჰოდა, ასე უბრალოდ ავდექი და დავნებდი. 

აღმოჩნდა, რომ ზოგჯერ დანებება ძაან კარგი რამეა.

როგორც კი დავნებდი, გადამივიდა გაბუჟებული ემოციები და მგრძნობელობაც დამიბრუნდება. 

მგრძნობელობასთან ერთად დაბრუნდა იდეებიც, კრეატიულობაც. და მთელი ეს კონცეფციაც ასე ავაწყვე. 

ვინ იფიქრებდა? ბრენდი შევქმენი – მარტო იმიტომ, რომ ხელი ჩავიქნიე. 

 

არ მიყვარს ხელოვნურობა და ზედაპირული ურთიერთობები. ყველაზე მეტად კიდევ არ მიყვარს ადამიანები, რომლებსაც ან იდენტობა არ აქვთ, ან თუ აქვთ, ვერ ბედავენ, გამოავლინონ.  BOLD. LOUD. ME  ამიტომაც მიეწება თაგლაინად ბრენდს – მათთვის ვინც ბედავს, დანებდეს;

მათთვის, ვინც ბედავს, გაიგოს ვინ არის და როგორია, როცა ამ გაბუჟებიდან, ამ ანესთეზიიდან, გამოდის. 


და თან, მნიშვნელოვანი დეტალი:  ამფიბიები ბუზებს ჭამენ.

ჩემი ცხოვრების დევიზი კიდევ ყოველთვის იყო „ბზების ჯინაზე.“

ვაჰ, ეს სიტყვებით თამაში რა მაგარი რამეა, არა? სიტყვებს გაუმარჯოთ!